სახელწოდება ,,ნიკეა“
ნიკეას ქუჩა მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქის სამხრეთ მხარეს. ის მოიცავს ამავე სახელწოდების პირველ და მეორე შესახვევებს, ცენტრალური ქუჩის სიგრძე 3 კილომეტრზე მეტია. სახელწოდება ,,ნიკეა’’ ქუჩას დაერქვა საბერძნეთის ქალაქ ნიკეას მიხედვით 1985 წელს. გადაწყვეტილება სახელწოდების შეცვლის შესახებ მიიღო ქალაქ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა საბერძნეთის ქალაქ ნიკეასთან დაძმობილების შემდეგ: ,,საქალაქო საბჭოს აღმასკომი ანიჭებს რა უდიდეს მნიშვნელობას დაძმობილებულ საბერძნეთის ქალაქ ნიკეას და ქუთაისს შორის მეგობრული კავშირურთიერთობის განმტკიცებას და რომ ამა წლის აგვისტოში ქალაქ ნიკეაში ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის დელეგაციის ვიზიტის დროს ნიკეის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ქუთაისის სახელი, მხარს უჭერს საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებულ გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა უკვდავსაყოფად სახელწოდებათა მინიჭების წინასწარ განმხილველი კომისის წინადადებას“ ( ოქმი N 19 21. 02. 1985 წელი.) საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა : ქალაქ ქუთაისში არსებულ კომინტერნის ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე თავისი შესახვევებითა და ჩიხებით ამიერიდან გარდაიქმნას და ეწოდოს ქალაქ ნიკეას ქუჩა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. ხაზარაძე და აღმასკომის მდივანი გ.ფაჩუაშვილი.



Comments
Post a Comment